ბრიტანული დაზვერვა: "უახლოეს კვირებში რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას ეცდება"
21/03/2022 09:53:37 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ "უახლოეს კვირებში რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას ეცდება".
„მიუხედავად პროგრესის მუდმივი ნაკლებობისა, კიევი რჩება რუსეთის უპირველეს სამხედრო მიზნად“, - აცახდებენ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში.
მისი ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ჩრდილოეთით: "ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დედაქალაქისკენ მიმავალი რუსული ძალები შეჩერებულია, ხოლო ქალაქ ჰოსტომელის მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ძალები უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ მოიგერია.
მისი მონაცემებით, რუსული ძალების ძირითადი ნაწილი დედაქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.


