ოსტინი რუსეთს ბირთვული იარაღის უკრაინაში გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება
21/03/2022 09:16:31 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთს მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. იგი არ აკონკრეტებს, რა სახის იქნება პასუხი, თუმცა ამბობს, რომ ამერიკა მსგავს ქმედებას ვერ შეეგუება.
"ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი რიტორიკა და მუქარა ძალიან სახიფათოა. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი რიტორიკა მიუღებელია, გარდა ამისა, თუ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი იქნა გამოყენებული, მნიშვლენოვანი პასუხი იქნება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ასევე მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოებისგან. მე არ დავიწყებ სპეკულაციების იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს პასუხი, მაგრამ როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ამას გვერდს არ ავუვლით", - განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.


