
ჰოლანდიის სასამართლომ ორი უკრაინელი პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთთან ომში მონაწილეობის მისაღებად
21/03/2022 07:49:14 საზოგადოება
ჰოლანდიის ქალაქ ბრედას სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ორი უკრაინელის გათავისუფლება გადაწყვიტა, რათა მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
27 და 29 წლის პირები კონტრაბანდის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. ისინი გასულ წელს დააკავეს იახტაზე, მას შემდეგ, რაც ცდილობდნენ ალბანელთა არალეგალური ჯგუფის დიდ ბრიტანეთში გადაყვანას.
ადვოკატმა, რომელიც იცავდა ორ მამაკაცს, სასამართლოს სთხოვა მათი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება, რათა ისინი შინ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოს დასაცავად.
სასამართლომ გაათავისუფლა დაკავებულები და დაადგინა, რომ სიტუაცია "განსაკუთრებულ და სერიოზულ გარემოებებს" ეხებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი მამაკაცი დაჟინებით მოითხოვდა სახლში დაბრუნებას საბრძოლველად.