
WSJ: პუტინმა ტაქტიკა შეცვალა
21/03/2022 07:12:16 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომი სამი კვირაა, გრძელდება, ტაქტიკა შეცვალა: მას კიევი მიზანში აღარ აქვს ამოღებული, სურს, კიევი აიძულოს, დათმოს სამხრეთ და აღმოსავლეთი ტერიტორიები,– წერს WSJ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ერთ–ერთმა ოფიციალურმა პირმა ტაქტიკას პუტინის გეგმა ბ უწოდა. გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვმა უნდა აიძულოს კიევი, მიიღოს რუსეთის პრეტენზიები უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე. რუსეთს სურს, უზრუნველყოს „სახმელეთო ხიდი“ დასავლეთ რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე. რუსული არმია ასევე გააგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ვოლოდიმირ ზელენსკის, დაეთანხმოს რუსეთის მოთხოვნებს – ნეიტრალურ სტატუსს. ხოლო თუ კიევი პუტინის მოთხოვნაზე ტერიტორიისა და ნეიტრალიტეტის შესახებ უარს იტყვის, მოსალოდნელია, რომ პუტინი შეეცდება, დაიკავოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია და გააგრძელოს ომი. სავარაუდოდ, ის უბრუნდება ალყის ტაქტიკას, რაც ნიშნავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს კვირების, შესაძლოა, თვეების განმავლობაში.
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პუტინს შეუძლია, გააფართოოს თავისი სამხედრო მიზნები, თუ მისი სამხედროები წარმატების მიღწევას დაიწყებენ.
რაც შეეხება დედაქალაქის სტატუსს, ეს საკითხი ღიად რჩება და უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, გაუგებარია, შეუძლია თუ არა რუს, საკმარისი სამხედრო შეკრიბოს, რათა მჭიდროდ შემოარტყას ალყა კიევს და აიღოს დედაქალაქი.
განმარტებულია, რომ პუტინის სტრატეგიის ინტერპრეტაცია არა სადაზვერვო სამსახურების ოფიციალური შეფასება, არამედ ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თვალსაზრისია, რომლებსაც წვდომა აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე.