
უკრაინის ქალაქ სუმში მდებარე ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა
21/03/2022 06:03:06 ევროპა
უკრაინის ქალაქ სუმის მახლობლად მდებარე ქიმიური საწარმოდან „სუმიხიმპრომ“-იდან ამიაკმა გაჟონა.
ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ კიევის დროით 06:31 საათზე, ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დაბინძურების ზონის რადიუსი დაახლოებით 5 კილომეტრია. ქიმიურ წარმოებაში გამოყენებული ამიაკი უფერო, მკვეთრი სუნის მქონე აირია.
ჟივიცკი არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს, მაქსიმალურად დახურულ სივრცეებში დარჩნენ, სუნის შეგრძნების შემთხვევაში კი, ძმრის, ან ლიმონმჟავის 5%-იანი ხსნარით გაჟღენთილი დოლბანდით ისარგებლონ.
პირველი შეტყობინებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დმიტრო ჟივიცკიმ ტელეგრამზე გამოქვეყნა განახლებული ინფორმაცია, რომ დაბინძურების ზონის რადიუსი დაახლოებით 2.5 კილომეტრია და ქარის მიმართულების მიხედვით, საფრთხის ქვეშაა სოფელი ნოვოსელიცა.
მოგვაიენებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის ქალაქ სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკის გაჟონვა ლოკალიზებულია და გრძელდება მუშაობა ამიაკის ღრუბლის დალექვის მიზნით.
მაშველების ინფორმაციით, დაშავებულია ქიმიური საწარმოს 1 თანამშრომელი.
უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სუმი და მისი შემოგარენი არაერთხელ დაიბომბა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.