
"შევავედროთ უკრაინა კიევის წმინდა მამებს, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები დასრულდეს"
20/03/2022 12:37:38 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდა, ილოცონ უკრაინისთვის.
„დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ხსენება კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამათა. და, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, რომ არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც. მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად. ასე რომ, ვილოცოთ, ძმებო და დებო, ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა, და ეს ტრაგიკული მოვლენები ისე დასრულდეს, როგორც აი, ამ დიდ მამებს სურთ და როგორც მათ უწყიან, თუ რა არის სასიკეთო“, - თქვა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სამების ტაძარში გადახდილ პარაკლისს ასევე დაესწრნენ უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი და უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი.