Accentnews.ge
მედია - რუსულმა ძალებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა

მედია - რუსულმა ძალებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა

20/03/2022 09:20:33 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც თავს 400-მდე ადამიანი აფარებდა, – იუწყება უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"გუშინ, 19 მარტს ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების მე-12 სკოლის შენობა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა - ქალები, ბავშვები და მოხუცები. შენობა დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებს მარიუპოლის საქალაქო საბჭო.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ისინი სარდაფში იყვნენ და არავინ დაღუპულა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S