"კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, სანამ ჩვენ შიშს დავძლევთ?"
20/03/2022 09:10:18 მსოფლიო
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ნატო-მ რუსული თერმობარული იარაღი უნდა გაანადგუროს. ამის შესახებ კინზინგერი მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, "რუსეთის ქმედებები ბარბაროსობაა და ამ იარაღის გამოყენების უბრალოდ ყურება სირცხვილია".
„კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, ფილტვები აუფეთქდეს, სანამ ჩვენ შიშს დავძლევთ? ძველი თაობის ცივი ომის დროინდელი მოლაპარაკე თავები ცდებიან“, – წერს კინზინგერი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.


