უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიკვიდირებული რუსი გენერლების სიას აქვეყნებს
19/03/2022 18:52:35 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის ექვსი გენერალი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
კერძოდ, გამოქვეყნებულ სიაში არიან: „როსგვარდიის“ 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი; აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი; 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი; სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.
„რუსეთში ფედერალურ დონეზე არავინ საუბრობს ზოგად დანაკარგებზე. რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ ასახელებს „უკრაინაში სპეცოპერაციის“ ოფიციალურ ხელმძღვანელს“, – განაცხადეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.


