მედია – აშშ–მა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა
19/03/2022 16:36:00 მსოფლიო
აშშ–მა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა, – იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
"როგორც აშშ–ის ოფიციალურ პირები აღნიშნავენ, ამ რაკეტების გამოყენებით მოსკოვმა მისი შესაძლებლობების შესახებ ერთგვარი გზავნილი გაუგზავნა დასავლეთს", – იუწყება გამოცემა.
რა ტიპის იარაღია ჰიპერბგერითი რაკეტა
ჰიპერბგერით რაკეტას ატმოსფეროს ზედა ნაწილში ფრენა ხმის სიჩქარეზე 5–ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.
ამ ტიპის რაკეტა უფრო მეტად მანევრირებადია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა და ის ჩვეულებრივი რაკეტაზე უფრო მეტად დახვეწილია, აირიდოს საჰაერო თავდაცვითი ჩარევა.
რა ვიცით Kinzhal–ის თაობაზე
Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს განაცხადა. იმჟამად მან დასავლეთს ასე მიმართა:
„მათ უნდა გაითვალისწინონ ახალი რეალობა და გაიგონ... [ეს] ბლეფი არ არის“.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, Kinzhal–ს შეუძლია, დაახლოებით 2000 კმ–ის მანძილზე მყოფ სამიზნეს მიაღწიოს. მისივე ცნობით, 18 მარტს სწორედ ამ რაკეტების გამოყენებით გაანადგურეს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწისქვეშა საწყობი ივანო-ფრანკოს ოლქში.
აღსანიშნავა, რომ რუსეთის გარდა, ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგიაზე ჩინეთი, აშშ და მსოფლიოს, სულ მცირე, ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოიყენების თაობაზე დღეს განაცხადა. მისი ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული რაკეტები პირველად გამოიყენეს. თუმცა თავდაცვის უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რომელი ლოკაციიდან ისროლეს Kinzhal.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.


