Accentnews.ge
ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერი კრემლის ლიდერის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას მოითხოვს: "პუტინისათვის განკითხვის დღე უნდა დადგეს"

ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერი კრემლის ლიდერის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას მოითხოვს: "პუტინისათვის განკითხვის დღე უნდა დადგეს"

19/03/2022 12:06:46 მსოფლიო

ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერ–მინისტრი გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას მოითხოვს. ყოფილმა პრემიერებმა შესაბამის პეტიციას უკვე მოაწერეს ხელი.

ბრაუნისა და მეიჯორის გარდა, პეტიციას ხელი მოაწერა პოლიტიკის, სამეცნიერო და სამართლის სფეროს არაერთმა აღიარებულმა წარმომადგენელმა, დაახლოებით 140-მა ადამიანმა. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ნიურნბერგის ტრიბუნალის ყოფილმა პროკურორმა ბენჟამინ ფერენცმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკოლას ბრატცამ და სხვებმა.

ისინი მოუწოდებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაგეგმვაში.

ხელმოწერების კამპანია მიზნად ისახავს 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება, ვინაიდან პეტიციამ, გორდონ ბრაუნის თქმით, უმოკლეს დროში შეაგროვა დაახლოებით 740 000 ადამიანის ხელმოწერა.

„სამართლიანობისთვის, მოდი, მიზნად დავისახოთ თვის ბოლოსთვის 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება. ეს გზავნილი უნდა მოდიოდეს ბრიტანეთიდან, რომელიც სამართლიანად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით. ნიურნბერგში ჩვენ ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები გავასამართლეთ. 8 ათეული წლის შემდეგ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ პუტინისათვის დადგეს განკითხვის დღე. მე ყველას მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ ამ პეტიციას“, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S