ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს
19/03/2022 11:35:32 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს, – იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ინიციატივა განხილვის ძალიან ადრეულ ეტაპზეა და ჯერ–ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.
როგორც Bloomberg აცხადებს, საბოლოოდ ევროპული ბლოკის ყველა წევრი ქვეყანა გადაწყვეტს, თუ როგორ მოხდება ევროკავშირის მიერ ამ თანხების განკარგვა.
აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ დროისთვის თანხები გაყინულია და დასძინა, რომ ფონ დერ ლაიენს ამ საკითხის შესწავლა არ მოუთხოვია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი შეიმუშავეს. შეზღუდვების ქვეშ კრემლთან დაახლოებული ათობით ბიზნესმენი აღმოჩნდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი აქტივების დაბლოკვა. სანქცირებულ ბიზნესმენთა შორის არიან: საინვესტიციო ჯგუფ „ვოლგა ჯგუფის“ მფლობელი გენადი ტიმჩენკო, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი, Severstal alexey Mordashov-ის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი.
"მხოლოდ იტალიას, როგორც მთავრობის ანგარიშებიდან ირკვევა, გაყინული აქვს დაახლოებით 780 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები", – აღნიშნავს Bloomberg.
მთლიანობაში, ევროკავშირის მიერ დღემდე დაწესებული სანქციები რუსეთის 877 მოქალაქესა და 62 კომპანიას შეეხო.
სიაში მოხვედრილი პირების აქტივები გაიყინება. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ სანქციებში შესულ პირებსა და კომპანიებთან გარიგებები. ფიზიკურ პირებზე დამატებით ვრცელდება ასევე მგზავრობის შეზღუდვაც. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტული გზით მისი გავლა.
ევროკავშირმა რუსეთისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან და მისი სუვერენიტეტი აღიაროს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.


