Accentnews.ge
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაიჭრა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაიჭრა

19/03/2022 09:21:47 მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაიჭრა.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაშავებულია კიევში, ხარკოვში, დონეცკში, ჩერნიგოვში, მიკოლაივში, ჟიტომირში, სუმსა და ხერსონში.

მისი ცნობით, კიევის ოლქში რუსი სამხედროები უკანონოდ დაეუფლნენ შენობას, სადაც ორი მოქალაქე ჩაცხრილეს მათ შორის 16 წლის მოზარდი. 16 წლის მოზარდი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა მიკოლაივის ოლქშიც. 18 მარტს ჩერნიგოვის ოლქში საერთო საცხოვრებლის ნანგრევებიდან 7 წლის ტყუპების ცხედრები ამოასვენეს.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან სროლების გამო კონფლიქტის ზონების მონახულება ვერ ხერხდება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S