
კალაძე – საკრებულოს დეპუტატს: „ასეთი გაფარჩაკებული იქნებით“
11/09/2019 09:35:14 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
დედაქალაქის საკრებულოში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მერსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს შორის ინციდენტი მოხდა. კალაძეს უთხრა, რომ მასთან კითხვები აქვს, თუმცა პროცესი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხაბეიშვილმა მერს „კორუმპირებული და ბიუჯეტის წურბელა“ უწოდა, კალაძემ კი „გაფარჩაკებული“.
რაც შეეხება ხაბეიშვილის კითხვებს, როგორც დეპუტატი ამბობს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ჰქონდა. მას მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, ამიტომ მერს დერეფანში დახვდა.
„კითხვებზე პასუხი არ გაქვთ და ამიტომ გარბიხართ, შეურაცხყოფაზე გადადიხართ“,– მიმართა კალაძეს ხაბეიშვილმა.
"თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული",- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.
ინციდენტს შოუ უწოდა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ შოუ უწოდა:
„ესაა ოპოზიცია, რომელსაც იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც მერიის და საკრებულოს ინიციატივით ვახორციელებთ, არც ერთხელ ხელი არ მოუწერიათ და ხელფასებს იღებენ. დღესაც იყო შოუს ნაწილი. გაკოტრებული პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს ყურადღება მიიქციოს სწორედ ასეთი შოუების დადგმით. მთელი დღეა ველაპარაკებით, თუ გინდა შემოდი და კითხვა დასვი, მაგრამ არა - ჩასაფრებული პოზიციიდან არის. ამ ჩასაფრებული პოზიციისთვის ყოველთვის დასჯის ამომრჩეველი, როგორც აქამდე სჯის. ეს არის მათი მომავალი და პოლიტიკური კარიერის დასასრული. "მებელიც" საჭიროა, რომ ჩვენი რიგითი თანამშრომლები კომფორტულად იყვნენ, ავტომობილებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახურისთვის შევიძენთ, ავტობუსებსაც მაგათ ჯინაზე იმიტომ, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი".