
რადას თავმჯდომარემ NATO-ში გაწევრიანების ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილებები არ გამორიცხა
18/03/2022 21:22:43 ევროპა
უკრაინის პარლამენტის – რადას ხელმძღვანელმა რუსლან სტეფანჩუკმა რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა ევროატლანტიკური მისწრაფების კუთხით,– იუწყება უკრაინული მედია.
„ვინაიდან უკრაინის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა არის გაწერილი, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულების ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი დონე. ამიტომ, შევხედავთ, რა მიმართულებით წავა მოლაპარაკებები, შემდეგ მოვძებნით მოდელს, რომელიც ან წინააღმდეგობაში არ მოვა კონსტიტუციასთან ან ამ ნაწილში შევცვლით კონსტიტუციას“,– განაცხადა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, აღადგინოს ქვეყნის უსაფრთხება და მიიღოს ფუნქციური გარანტიები უსაფრთხოების კუთხით.
„ამიტომ, ველით რა ფორმულა ჩამოყალიბდება მოლაპარაკებების პროცესში და, რა თქმა უნდა, შევუერთდებით განხილვას“, - დასძინა სტეფანჩუკმა.
მანამდე უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რომ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა:
„ნეიტრალური სტატუსის საკითხი და NATO-ში უკრაინის არ შესვლა არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეს ის თემებია, რომლებზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები".
მედინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ნიუანსები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით:
„ნიუანსებია იმაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკვე არსებულ გარანტიებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის NATO-ს ბლოკში გაერთიანებაზე".
საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის პოზიციები უცვლელია:
„მოლაპარაკებების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია. ყველა განცხადება სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები კონკრეტული ფორმულებით“.