
მაკრონმა და პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო მორიგ ჯერზე ისაუბრეს
18/03/2022 20:01:06 ევროპა
18 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის ქალაქ მარიოპულის გამო მაკრონმა „უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა.
მარიუპოლი ალყაშემორტყმულია და ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. 16 მარტს დაიბომბა დრამის თეატრი, რომელშიც ასეულობით მოქალაქე აფარებდა თავს. გავრცელებული ცნობით, 130-მდე მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა, დანარჩენები კვლავ ნანგრევებს ქვემოთ არიან.
პუტინმა და მაკრონმა განიხილეს უკრაინაში ომის ვითარება და პუტინმა ფრანგ კოლეგას გააცნო მოსკოვის მიდგომა საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით შესაძლებელი შეთანხმების თაობაზე,– იუწყება კრემლი.
ამავე წყაროს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის შეშფოთების საპასუხოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ „ რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც საგანგებო ოპერაციაში მონაწილეობენ, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე დაიცვან“.
პუტინმა უკრაინას დასდო ბრალად „ომის დანაშაული.“
მისი თქმით, უკრაინის ძალები ცეცხლს უშენენ დასახლებულ პუნქტებს დონბასში.
შეგახსენებთ, რომ 23–ე დღეა, პუტინი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. იბომბება საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, თავშესაფრები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.