Accentnews.ge
„სამხედრო, რომელიც დათოს მოჰყავდა და მე, გადავრჩით“ – ჟურნალისტი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე წერს

„სამხედრო, რომელიც დათოს მოჰყავდა და მე, გადავრჩით“ – ჟურნალისტი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე წერს

18/03/2022 18:28:26 საზოგადოება

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, თანამებრძოლებმა ერთ–ერთი მათგანის ცხედარი კიევში გადაასვენეს, მეორე ქართველი მებრძოლის ცხედრის გადაცემაზე მოლაპარაკებების მცდელობებია. ინფორმირებულია საქართველოს საელჩოც. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, ომში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.

როგორც დღის განმავლობაში გახდა ცნობილი, ორი ქართველი 17 მარტს ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა.

„გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა“,– ნათქვამია უკრაინაში მყოფი დავით ქაცარავას შეტყობინებაში.

მოგვიანებით უკრაინელმა ჟურნალისტმა და მოხალისემ ალექსეი ბობროვნიკოვმა დაღუპულ ქართველებთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული დაზვერვაზე იყო წასული. ბეროს ცხედარი, გუშინ ნაღმტყორცნების სროლისას გადმოვასვენეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. ზუსტად მან, უკვე გარდაცვალების შემდეგ გადამირჩინა სიცოცხლე. დათომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ოკუპანტის სიცოცხლეც შეიწირა. ის მეტყვიამფრქვევე იყო. დათო ცხოვრობდა როგორც გმირი და დაიღუპა გმირულად: ეხმარებოდა დაჭრილ ფრანგ სამხედროს, რომ შეკრების ადგილას მისულიყო. ჭურვის აფეთქების დროს დათო ადგილზე გარდაიცვალა. დათო იყო ძლიერი, მშვიდი, მორიდებული, ორგანიზებული და კეთილი. დათო რატიანი - სვანია, მესტიიდან, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და რომელმაც დაკარგა თავისი კიდევ ერთი სამშობლო. იყო ავღანეთის და აფხაზეთის ომებში.

ვწერ ძალიან მშრალად, ფაქტების კონსტატაციით, რისი უფლებაც მაქვს, იმას ვწერ. შესაძლოა, დათოს შესახებ უფრო მეტი დავწერო - ადამიანზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა ჩვენი გაცნობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში და ფრონტზე ყოფნის დროს - სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე. რატიანი... მთელი დღის განმავლობაში მინდა შენი ხმის გაგება: "ალექს, ავტომატი გაწმინდე?", "ალექს, წერენ თავდასხმის დროს გარდაცვლილი ქალის შესახებ, ის 7 ბავშვის დედა იყო, წაიკითხე?", "ალექს, გვაქვს ინფორმაცია, როდის გავდივართ?". დათო საბრძოლველად ბოლოს გუშინ, გამთენიას, 5 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. ჭურვმა, რომელიც ოკუპანტებმა გამოიყენეს, დათო მოკლა. სამხედრო, რომელიც დათოს მოჰყავდა და მე, გადავრჩით. ჭურვებს იყენებდნენ მაშინაც, როდესაც დაღუპულები ბრძოლის ველიდან გამოგვყავდა... ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა, ერთად გამოვიყვანეთ ისინი ბრძოლის ველიდან, სადაც დაიღუპნენ... დათო, მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავი, მადლობა, რომ იყავი [არსებობდი]".

ხვალ, 15:00 საათიდან პარლამენტთან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S