„ძინპინმა ბაიდენს უთხრა, რომ უკრაინაში ომი მის ინტერესებში არ შედის“ – ჩინური მედია
18/03/2022 15:31:44 მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარასკევს განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომ კონფლიქტები და კონფრონტაციები, როგორიცაა უკრაინის მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის,– ამის შესახებ Reuters ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს აშშ–ისა და ჩინეთის ლიდერების საუბრის შემდეგ.
„სი ძინპინმა ბაიდენთან ვიდეო საუბარისას განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები კონფრონტაციის სტადიაში არ უნდა გადაიზარდოს, ხოლო კონფლიქტი და კონფრონტაცია არავის ინტერესებში არ შედის“,– წერს ჩინური მედია.
„უკრაინის კრიზისი არის ის, რისი დანახვაც არ გვინდა“, - ციტირებს ჩინეთის ლიდერს სახელმწიფო მედია.
მისივე თქმით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით უნდა წარმართონ და ორივე მხარემ ასევე უნდა აიღოს შესაბამისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა მსოფლიო მშვიდობისთვის.
თეთრმა სახლმა და ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადეს, რომ საუბარი ვაშინგტონის დროით 9 საათზე დაიწყო.
ამ საუბრის წინა დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი ჩინეთის ლიდერს განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“.
ამასთან, როგორც დაანონსებული იყო, ლიდერებს უნდა ესაუბრათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კონკურენციის გარშემო.
სატელეფონო საუბარი დაიგეგმა 14 მარტს თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის და ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური მრჩევლის იან ცეჩის მოლაპარაკების შემდეგ.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ სალივანი პირდაპირი იყო იანის მიმართ და განუცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის დახმარებას შესაძლო შედეგები მოჰყვება ჩინეთისთვის.
ჩინეთმა და რუსეთმა ბოლო წლებში გააქტიურეს ორმხრივი კონტაქტები. ჩინეთმა პირდაპირ არ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში, რასაც ვაშინგტონის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა გააძლიერა დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთმა შესაძლოა საბაბად გამოიყენოს უკრაინაზე ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღით თავდასხმისთვის. ასევე მოიპოვება ცნობები, რომ რუსეთმა ჩინეთს დახმარება სთხოვა, რაცას პეკინიც და მოსკოვი უარყოფენ.
იანთან შეხვედრაზე სალივანმა მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა რუსეთის მიმართ პეკინის პოზიციაში და გაიმეორა, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობა, დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს, ძვირად დაუჯდება სი ძინპინის მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში ბაიდენის ყურადღების ცენტრში უკრაინაში მიმდინარე ომია, თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, მათი მზერა კვლავაც მიპყრობილია ჩინეთისკენ და თვალყურს ადევნებენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთის პრეზიდენტი.


