
უკრაინის საელჩო საქართველოს მადლობას უხდის და ქვეყანაში მყოფი უკრაინელების საჭიროებებზე საუბრობს
18/03/2022 12:48:36 საზოგადოება
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი მადლობას უხდის საქართველოს იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ადგილზე გაუწიეს. ამასთან მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა იმ საჭიროებებზეც, რომლებიც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს აქვთ.
"ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ უკრაინელს, რომლებიც გადმოვიდნენ საქართველოში, ყველანაირად შევეცადოთ, დახმარება გავუწიოთ - საქართველოს ყველა მოქალაქეს მადლობას ვუხდით, რომ დაგვაბინავეთ, გვაჭამეთ და, უბრალოდ, კარგი სიტყვით გაგვამხნევეთ. ეს არის ის, რაშიც ჩვენ დავრწმუნდით - ქართველებსა და საქართველოს კარგად ესმით, რა არის მეგობრობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.
ასევე ძალიან საჭიროა ამ მოქალაქეებისთვის დოკუმენტების შედგენა, საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა, ყველაზე დიდი ქალაქებში მაინც. ასევე, შესაძლებლობა, რომ აქ იმუშაონ და სამედიცინო მომსახურება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან და გაეროსთან ერთად ამ საკითხებს გადავჭრით", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.