კრემლში პუტინისადმი ბაიდენის შეფასებებს „პირადი შეურაცხყოფა“ უწოდეს
18/03/2022 11:42:57 მსოფლიო
კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამებს „პირადი შეურაცხყოფა“ უწოდეს და გამოთქვეს ვარაუდო, რომ ბაიდენის კომენტარები "ნასაზრდოებია გაღიზიანებით, დაქანცულობითა და გულმავიწყობით".
უკანასკნელ დღეებში ბაიდენმა პუტინს „ომის დამნაშავე“, „სისხლიანი დიქტატორი“ და "პირწავარდნილი ყაჩაღი" უწოდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო.
„გვესმის და ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც ფაქტობრივად პრეზიდენტ პუტინის პირადი შეურაცხყოფაა“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 18 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე და დასძინა, „ვითვალისწინებთ რა ბატონი ბაიდენის მხრიდან ასეთ გაღიზიანებას, მის დაქანცულობას და ზოგჯერ გულმავიწყობას... დაქანცულობას, რაც ზოგჯერ აგრესიულ განცხადებებს იწვევს, ჩვენ არ გავაკეთებთ მწვავე შეფასებებს, რათა კიდევ უფრო მეტი აგრესია არ გამოვიწვიოთ“.
რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას 24 თებერვლიდან აწარმოებს და უმოწყალოდ ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.


