
„მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინისთვის S-300–ების გადაცემას“– ლავროვი
18/03/2022 10:36:55 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების – ეს-300–ების სხვა ქვეყნებიდან გადაცემას რუსული ავიაციის წინააღმდეგ,– წერს რუსული მედია.
„საბჭოთა ეს-300-ების სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემა შეუძლებელია და უკანონო იქნება. მოსკოვი ამას არ დაუშვებს. ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შედის უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იარაღის მატარებელია, იქნება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“,– ამბობს, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი.
ლავროვი იმედოვნებს, რომ "რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ანომალიური სიტუაცია დასრულდება, მაგრამ დასავლეთი ხელს შეუშლის ნორმალიზებას".
მისი თქმით, „დასავლეთი ცდილობს რუსეთის მარგინალიზებას, მისი განვითარების შეჩერებას“ და ახლა „ახორციელებს უპრეცედენტო ზეწოლას“.
ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ უპასუხა:
„ლავროვის გადასაწყვეტი არ არის, რა იარაღს და რომელი ქვეყნებიდან მიიღებს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. უკრაინისა და სხვა ქვეყნებისადმი მუქარის ნაცვლად, რუსმა დიპლომატმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ომის დასრულებაზე და რუსების სიცოცხლის გადარჩენაზე, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაისროლა სასიკვდილოდ ამ ხოცვა-ჟლეტაში“.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების მოპოვებაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მანამდე CNN იტყობინება, რომ შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები უკრაინაში აგზავნიან რამდენიმე საზენიტო-სარაკეტო სისტემას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში დასახმარებლად. საუბარია საბჭოთა S-300 სისტემების მოდიფიკაციაზე და პორტატულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე Strela-3. სლოვაკეთი პირობითად დათანხმდა უკრაინას, გადასცეს S-300–ები.
23-ე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.