
„პუტინს მშვიდობა არ სურს“ – იტალიის პრემიერი სანქციების გამკაცრების საჭიროებას ხედავს
17/03/2022 20:49:15 ევროპა
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მშვიდობა რეალურად არ სურს და შესაძლოა, მეტი სანქციები იყოს საჭირო უკრაინაში ომის დასასრულებლად,– განაცხადა, Ansa–ს ცნობით, იტალიის პრემიერ–მინისტრმა მარიო დრაგიმ.
„დღეს ჩვენ ყველანი ვეძებთ მშვიდობას, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტ პუტინს არ სურს მშვიდობა“, - განაცხადა დრაგიმ.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გავლენას ახდენს თავად იტალიაზეც, მაგრამ მთავრობა მზად არის მათი გამკაცრებისთვის.
„ამ ვითარებამ გამოიწვია ბევრი პროდუქტების მიწოდების შეფერხება – ბენზინი, დიზელი, ელექტროენერგია, გაზი, საკვები, მაგრამ მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს სანქციები სწორია და შეიძლება, მომავალში გაძლიერდეს, თუ ამას ომის განვითარება მოითხოვს. ის მზად არის და მუშაობს ბიზნესისა და ოჯახების დასახმარებლად“, - დასძინა დრაგიმ.