
შმიგალმა მისი სახელით განხორციელებული თაღლითური ზარის შემდეგ ბრიტანელ მინისტრს „კოდური“ სიტყვის გამოყენება შესთავაზა
17/03/2022 18:38:24 ევროპა
უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი გამოეხმაურა ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან სავარაუდოდ, მისი სახელით განხორციელებული თაღლითური ზარის შესახებ და მინისტრს შესთავაზა, სხვა შემთხვევაში „კოდური“ სიტყვა "palianytsia" გამოიყენოს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს Twitter-ზე დაწერა:
"შემდეგ ჯერზე, ბატონო მინისტრო უოლეს, სთხოვეთ, წარმოთქვით სიტყვა "palianytsia", ვიდრე საუბარს დაიწყებთ. რუსული დეზინფორმაციის ყველა მცდელობის მიუხედავად, მსოფლიო ხედავს, რომ სიმართლე უკრაინის მხარეს დგას", - წერს დენის შმიჰალი.
ხუთშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა თაღლითი, რომელიც უკრაინის პრემიერ მინისტრად წარადგინა თავი, დასვა რამდენიმე „შეცდომაში შემყვანი კითხვა და როდესაც საუბარი საეჭვო გახდა, ტელეფონი გატიშა“.
ერთი დღით ადრე უოლესმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი უკრაინას პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.
რაც შეეხება "palianytsia"–ს, როგორც უკრაინელები განმარტავენ, რუსულენოვანებს მისი წარმოთქმა უჭრთ და ამ გზით უკრაინაში საკმაო რაოდენობის დესანტის გამოაშკარავება მოხერხდა.