პოდოლიაკი: "ზელენსკის და პუტინის შეხვედრა შეიძლება, უახლოეს კვირებში გაიმართოს"
17/03/2022 17:10:44 მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეიძლება, უახლოეს კვირებში გაიმართოს, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა გამოცემა wp.pl-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, დღეისთვის რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავთავიანთ პოზიციებზე რჩებიან, სადავო საკითხების შეთანხმებას კი რამდენიმე დღიდან ერთ-ნახევარ კვირამდე შეიძლება დასჭირდეს. ამ ხნის განმავლობაში მხარეები უნდა მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებას.
Financial Times-ის ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლაა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება. პოდოლიაკი კი ამბობს, რომ Financial Times-ის პუბლიკაციაში ასახულია მხოლოდ რუსეთის მოთხოვნები, ხოლო უკრაინას საკუთარი პოზიცია აქვს ამ საკითხში:
„ერთადერთი რამ, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე სახელმწიფოსგან“.


