
"საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას"
17/03/2022 11:18:05 პოლიტიკა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის მცდარი.
საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროებაზე ისაუბრეს. კერძოდ, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“ და ამ გზას „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის ფედერაციისთვის“.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.