
ზელენსკიმ გერმანიას მეტი დახმარება სთხოვა
17/03/2022 09:29:31 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის - ბენდესტაგის წევრებს, რომლებიც მას ოვაციებით შეეგებნენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა მისი ქვეყნის აღმოსავლეთში რვაწლიანი ომის განმავალობაში გაანადგურა ყველაფერი, რაც უკრაინამ ააშენა, ბოლო სამი კვრის განმავალობაში ათასობით უკრაინელი დაიღუპა, რუსეთის არმიის თავდასხმებს ემსხვერპლა 108 ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებს თავისუფლება, თანასწორობა სურთ და შესაძლებლობა, იცხოვრონ თავისუფლად ისე, რომ არ დაექვემდებარონ სხვა ქვეყანას.
მან გააკრიტიკა ომამდე გერმანიის უკრაინისთვის არასაკმარისი მხარდაჭერა და თქვა, რომ უკრაინის განცხადებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის წინააღმდეგ, უარყოფილი იქნა არგუმენტით, რომ ეს წმინდა ეკონომიკური გადაწყვეტილება იყო.
"ჩვენ ვხედავდით თქვენს მზაობას, გაგეგრძელებინათ რუსეთთან თანამშრომლობა, ახლა კი ჩვენ ცივ ომში ვართ. და ეს კიდევ ვერ შეამჩნიეთ".
ამ ფონზე ზელენსკიმ მოითხოვა მეტი მხარდაჭერა თავისი ქვეყნისთვის ახლა, ამ ვითარებაში. მან მიმართა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, რომ დახმარება გაუწიოს ამ ომის დასრულებაში.
"ჩვენი სიცოცხლისა და თავისუფლების დასაცავად ომის 3 კვირის განმავლობაში დავრწმუნდით და ვიგრძენით ის, რასაც თქვენ არ გრძნობთ. ეს არის ის, რომ თქვენ ისევ კედლის მიღმა ხართ. არა ბერლინის კედლის, არამედ, იმ კედლის, რომელიც ევროპის შუაგულში თავისუფლებასა და მის არქონას შორის არის აღმართული. ეს კედელი ძლიერდება ყოველი დაცემული ბომბითა და ყოველი მიუღებელი გადაწყვეტილებით. ისევ თავს იცავთ კედლის უკან, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, დაინახოთ, თუ რას გავდივართ" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერს მიმართა: "ძვირფასო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი".
ამ მიმართვით ზელენსკიმ პარალელი გაავლო აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის გამოსვლასთან, რომელიც 1987 წელს ბერლინის კედელთან იდგა და მიმართავდა გორბაჩოვს, რომ ბერლინის კედელი დაენგრია.