Accentnews.ge
გომელაური: „რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან“

გომელაური: „რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან“

17/03/2022 09:25:03 საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ცნობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლებია.

როგორც მან „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, მოიმატა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევებმა მესამე ქვეყნებიდან.

„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ასევე ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები საზღვარის დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

„მათ შორის არც ჩვენზე დიდ და ძლიერ ქვეყნებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული ჩვენი საზღვარი, როგორც გამტარი პუნქტები, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის 20-25 ათასამდე მოქალაქე ჩამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S