
11 სექტემბრის წლისთავზე ავღანეთში, აშშ–ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
11/09/2019 06:28:32 სხვა, მსოფლიო
11 სექტემბრის წლისთავზე ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა.
როგორც მედია იუწყება, შენობაში ამუშავებული განგაშის სიგნალი ახლომდებარე კვარტლებშიც ისმოდა. ცნობები მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. ვარაუდობენ რომ, აფეთქების უკან შესაძლოა "თალიბანი" იდგეს, რომელიც აშშ-ს ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო დაემუქრა.
ცნობისთვის: აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.
ადგილობრივი დროით 08:46-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ ტყუპები) ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა. 09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას - მეორე სამგზავრო თვითმფრინავი.
09:37-ზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო 10:03-ზე, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო. ტერორისტული აქტი აშშ-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკის მიწაზე.