The New York Times - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 000-ზე მეტი რუსი სამხედროა მოკლული
17/03/2022 08:25:01 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 000–ზე მეტი რუსი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ The New York Times ამერიკული დაზვერვის და თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული გამოცემა ამ შეფასებას კონსერვატიულს უწოდებს. თუ ეს მონაცემები რეალურია, უკრაინაში რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი უკვე აღემატება 20 წლის განმავლობაში, ერაყსა და ავღანეთში ამერიკული არმიის დანაკარგებს.
აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობა 14-დან 21 ათასამდე მერყეობს.
1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ორგანიზაცია "ჯარისკაცთა დედების კავშირი" 14 ათასს ასახელებდა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ – 24 თებერვლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 3 მარტს გამოაცხადა, რომ დაღუპულია 498 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინამაც მხოლოდ ერთხელ, 12 მარტს განაცხადა, რომ რუსეთთან ომში დაიღუპა 1300-მდე სამხედრო.


