
„არეულობა ქვეითებში, დაბალი მოტივაცია“ – რას ამბობს აშშ–ის დაზვერვა რუსული ჯარის მდგომარეობაზე
17/03/2022 07:52:05 ევროპა
პენტაგონში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის ომში დაღუპული რუსების დიდმა და მზარდმა რაოდენობამ შეიძლება, ბრძოლის გაგრძელების სურვილი შეარყიოს,– იუწყება NYT დაზვერვის მონაცემებზე და პენტაგონშის თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა ანიშნავს, ამერიკული დაზვერვის „კონსერვატიული შეფასებით“, უკრაინაში ომში 7 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამას ემატება დაჭრილთა რაოდენობაც და ეს მეტია, ვიდრე ავღანეთსა და ერაყში ამერიკის დანაკარგი 20 წლის განმავლობაში.
იმავდროულად, The New York Times-ის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაღუპულთა შესახებ მონაცემები შესაძლოა, არაზუსტი იყოს. გამოცემის ცნობით, ჯამში რუსეთიდან ომში 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
პენტაგონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ომის შედეგად დაღუპულთა დიდმა და მზარდმა რაოდენობამ შეიძლება, შეარყიოს ბრძოლის გაგრძელების სურვილი.
მათი თქმით, მონაცემები აისახება დაზვერვის ანგარიშებში, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები ყოველდღიურად კითხულობენ: ერთ-ერთ ბოლო მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა რუსი სამხედროების დაბალ მოტივაციაზე – აღწერილი იყო, თუ როგორ გააჩერეს ჯარისკაცებმა მანქანები და ტყეში გადავიდნენ.
პენტაგონში ასევე აღნიშნავენ, რომ ვინაიდან რუსეთის სახმელეთო ჯარებში არეულობაა, პუტინი უფრო ხშირად ახორციელებს შეტევებს უკრაინის ქალაქებზე, საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე და საავადმყოფოებზე.
პენტაგონის მაღალჩინოსნების შეფასებით, ამ დაბომბვებმა ხელი შეუწყო მიწაზე რუსი სამხედროების წარუმატებელი მოქმედების გადაფარვას.
იმავდროულად ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა "მნიშვნელოვნად შეფერხდა ყველა ფრონტზე".
თავდაცვის სამინისტროს უახლესი მიმოხილვის თანახმად, რუსეთის ჯარებმა ბოლო დღეებში "მინიმალურ პროგრესს" მიაღწიეს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში:
„ისინი კვლავ იღებენ მძიმე დანაკარგებს და შეჭრა ძირითადად შეჩერებულია ყველა ფრონტზე".
იმავდროულად, უკრაინის თავდაცვა შეფასდა, როგორც "დაჟინებული და კარგად კოორდინირებული" და იუწყებიან, რომ ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.