ჩინეთის ელჩი: „რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოაქვს“
17/03/2022 06:25:04 მსოფლიო
აშშ–ში ჩინეთის ელჩმა უპასუხა ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ინფორმაციებს კრემლის სამხედრო აგრესიისადმი პეკინის შესაძლო მხარდაჭერის თაობაზე და დეზინფორმაცია უწოდა ბრალდებას, თითქოს მოსკოვის გეგმების შესახებ ჩინეთი ინფორმირებული იყო.
"გასაგებია, რომ ბევრი ამერიკელი ცდილობს, გაიგოს, სად დგას ჩინეთი უკრაინის კრიზისის დროს, ამიტომ მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მკაფიოდ განვმარტო პეკინის პოზიცია და გავფანტო ამ საკითხის ირგვლივ არსებული ჭორები.
დავიწყებ იმით, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩინეთს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ და მოსთხოვა მოსკოვს მისი გადადება ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე. ბოლო პერიოდში ვრცელდება ჭორები, რომ რუსეთი სამხედრო დახმარებას ითხოვდა ჩინეთისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: განცხადებები, რომ ჩინეთმა იცოდა, დუმდა და ტაქტიკურად მხარს უჭერდა ამ ომს, წმინდა დეზინფორმაციაა. ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ბრალი დასდონ და ტალახი ესროლონ ჩინეთს. უკრაინაში ჩინეთის 6 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთი ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ჩინეთს რომ სცოდნოდა გარდაუვალ კრიზისზე, ჩვენ ყველაფერს ვცდიდით, რომ ის აგვერიდებინა", - ამის შესახებ ნათქვამია The Washington Post–ის მიერ გამოქვეყნებულ ელჩის წერილში.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ და მხარი დაუჭირონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და „ყველა ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების საფრთხეები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული:
"ჩინეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ობიექტური და მიუკერძოებელია: საჭიროა გაერო–ს ქარტიის პრინციპებისა და მიზნების სრულფასოვნად დაცვა. ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ყველა ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების საფრთხეები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და ყველა ძალისხმევა, რაც კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას უწყობს ხელს, უნდა იყოს მხარდაჭერილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩინეთის სუბიექტებისა და ბიზნესების მიმართ მუქარა, როგორც ეს აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან გაჟღერდა, მიუღებელია. ვერც ომი და ვერც სანქციები ვერ მოიტანს მშვიდობას. სანქციების ხელკეტის გამოყენება ჩინურ კომპანიებზე, მაშინ, როცა პარალელურად ცდილო, ჩინეთის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მოძიებას, უბრალოდ არ იმუშავებს".
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო როგორც მხარეებთან და დასავლელ პარტნიორებთან დიალოგში, ასევე უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით:
"კონფლიქტის დაწყებიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა ჩინეთის სურვილი, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება ადრე გამართონ, რაზეც პუტინისგან დადებითი პასუხი მიიღო. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ვირტუალურად გამართული შეხვედრისას, სი ძინპინმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთობლივი მხარდაჭერის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორი იან ჯიეჩი ახლახან შეხვდა აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს რომში, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.
ჩინეთმა ასევე გამოაქვეყნა ექვსპუნქტიანი ინიციატივა, რომელშიც ითვალისწინებს: მოწოდებას ჰუმანიტარული მიზნით საქმიანობაში ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვისკენ; ყურადღების გამახვილებას უკრაინაში და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირებისადმი; მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფას; უსაფრთხო და შეუფერხებელ ჰუმანიტარულ დახმარების უზრუნველყოფას; უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას; მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო როლს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ისევე, როგორც გაერო–ს კრიზისის კოორდინატორის მუშაობას უკრაინაში. ჩინეთის "წითელი ჯვრის" საზოგადოების მიერ უკრაინელი კოლეგისთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული მარაგების პირველი ტრანში პეკინიდან უკვე გაიგზავნა".
ელჩმა ისაუბრა ტაივანზეც:
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა. გაუგებარია, რომ ადამიანები სუვერენულობის პრინციპს უკრაინაზე ავრცელებს, მაშინ როცა ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ტაივანზე საუბრით. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად მიუდგება ერთიანი ჩინეთის პრინციპს და არ დაუჭერს მხარს "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატიზმს რაიმე ფორმით. ტაივანის სრუტეზე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ შესაკავებლად".
დიპლომატის თქმით, ევროპის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ეყრდნობა განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს:
"უნდა არსებობდეს დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. ახლა პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მშვიდობიანი მოსახლეობის ომისგან დასაცავად. მაგრამ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და პასუხისმგებელი მთავარი ქვეყანა, ჩინეთი გააგრძელებს რეალური ძალისხმევის კოორდინაციას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და ვითანამშრომლოთ სხვა მხარეებთან. ჩვენი საბოლოო მიზანია ომის დასრულება და რეგიონალური და გლობალური სტაბილურობის მხარდაჭერა".


