
უკრაინა "ენერგეტიკული ევროკავშირის" წევრი გახდა
16/03/2022 14:34:56 ევროპა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების პროცესი დასრულებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინა „ენერგეტიკული ევროკავშირის“ წევრი გახდა,– ამის შესახებ ზელენსკიმ ოთხშაბათს Twitter-ზე დაწერა.
„ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიედინება ევროკავშირში, ხოლო ევროპული – უკრაინაში“, - თქვა პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს და ყველას, „ვისი წყალობითაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ენერგეტიკული სისტემა".
უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვის ელექტროქსელები სინქრონიზებულია კონტინენტური ევროპის ქსელებთან:
„ისინი მთლიანად გათიშული არიან რუსეთის სისტემასთან“.
სიახლეს მიესალმა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი:
"უკრაინა, მოლდოვა და ევროპა: საერთო ღირებულებები, საერთო ძალა და სოლიდარობა. მივესალმები დღეს გადადგმულ მთავარ ნაბიჯს, რათა შევინარჩუნოთ სახლები ამ ბნელ დროს უკრაინისა და მოლდოვის ელექტრო ქსელების ევროკავშირის ქსელთან სინქრონიზაციის გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობენ მათი ენერგოსისტემების სტაბილიზაციაზე“.