ზელენსკი –ბაიდენს: "თქვენ თქვენი ერის ლიდერი ბრძანდებით, გისურვებთ, მსოფლიო ლიდერიც იყოთ"
16/03/2022 14:24:24 მსოფლიო
"თქვენ თქვენი ერის ლიდერი ბრძანდებით, გისურვებთ, მსოფლიო ლიდერიც იყოთ", – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს კონგრესში სიტვით გამოსვლისას.
ზელენსკიმ ბაიდენს მსოფლიოს ლიდერობა უსურვა, თუმცა განაცხადა, რომ ეს „მშვიდობის ლიდერობასაც“ ნიშნავს.
"მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ თქვენი ერის ლიდერი ბრძანდებით, გისურვებთ, მსოფლიო ლიდერიც იყოთ. მსოფლიო ლიდერად ყოფნა ნიშნავს მშვიდობის ლიდერად ყოფნასაც. [...] დღეს აღარაა საკმარისი,იყო ქვეყნის ლიდერი - უნდა იყო მსოფლიოს ლიდერი, რომელიც მშვიდობის დასაცავად იბრძვის. ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუკი შეუძლებელია სიკვდილის შეჩერება. დავიჯერო, მეტისმეტს ვითხოვთ, როცა გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი თავისუფალი ქალაქების დატერორება? თუ ეს მეტისმეტია და ამის თხოვნის უფლება არ გვაქვს, მაშინ აგერ თქვენ ალტერნატივა: იცით, რომ გვჭირდება თავდაცვითი სისტემები С-300 და სხვა. იცით, რამდენად ბევრია დამოკიდებული ბრძოლის ველზე თვითმფრინავების გამოყენების შესაძლებლობაზე. მძლავრ ავიაციას შეუძლია, დაიცვას ჩვენი ხალხი, მიწა და თავისუფლება - არა მარტო უკრაინა, არამედ ევროპაც. თქვენ ისინი გაქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამ დრომდე მიწაზეა და არა უკრაინის ცაში!" - განუცხადა ამერიკელ კონგრესმენებს ზელენსკიმ.


