ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა
16/03/2022 13:56:30 მსოფლიო
ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა და სანქცირებულთა სიაში 197 ადამიანი და ცხრა ორგანიზაცია დაამატა.
"შვეიცარიის სანქციების სია ახლა სრულად იმეორებს ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალს", - ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. ასევე, სანქციები დაეკისრა ცნობილ ბიზნესმენებს, რომელთა აქტივები შვეიცარიაში დღეიდან უნდა გაიყინოს.
შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.


