ანდრეი შევჩენკო მზადაა, საკუთარ სახლში უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს
16/03/2022 11:30:19 მსოფლიო
უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო აცხადებს, რომ მზადაა, მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები გაერთიანებულ სამეფოში, სურეიში მდებარე საკუთარ სახლში.
მისი თქმით, იგი აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრა ბრიტანეთში უკრაინის ელჩს და თქვა, რომ 150 უკრაინელი ლტოლვილის დახმარებას გეგმავს. როგორც "ჩელსისა" და "მილანის" ყოფილი თავდამსხმელი აცხადებს, ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც სურთ, დაეხმარონ საცხოვრებლის უზრუნველყოფაში უკრაინელ ლტოლვილებს.
პარალელურად, შევჩენკო "მსოფლიო სასურსათო პროგრამით" უკრაინისთვის 1 მლნ ფუნტის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებს.
ამასთან, მან უკრაინაში მყოფი მოქალაქეების, მათ შორის საკუთარი დედის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა:
"ამჟამად ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და უკრაინაში მყოფი ადამიანებისთვის ძალიან მძიმე პერიოდია. ჩემი ოჯახი, დიდი ალბათობით, უკრაინაში დარჩება. დედას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც კიევის დატოვება მისთვის რთულია. ეს არის სიტუაცია, რომლის წინაშეც ასობით და ათასობით ოჯახი დგას უკრაინაში და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინელებს ვისაც, როგორ შეუძლია“, – განაცხადა შევჩენკომ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ხალხს დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში უკრაინის მხარდაჭერისთვის.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.


