
„კიევს ჰაერში კონტროლი არ დაუკარგავს“: ბრიტანულმა დაზვერვამ უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარება შეაფასა
16/03/2022 09:26:15 ევროპა
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები კვლავ განაგრძობენ ერთი ადგილის ტკეპნას, რადგან მიბმულნი არიან საგზაო ქსელთან და უკრაინას ჰაერში კონტროლი არ დაუკარგავს,– ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 16 მარტის შეტყობინებაშია ნათქვამი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსული ჯარები ძირითადად გზებზე რჩებიან და ყოყმანობენ მანევრირებაზე. ხოლო უკრაინის გადაწყვეტილებამ შეტევითი მარშრუტების გასწვრივ ხიდების აფეთქების თაობაზე, გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი წინსვლის შეკავებაში.
„რადგან რუსეთი შემდეგშიც ვერ შეძლებს ჰაერზე კონტროლის მოპოვებას, ამან საგრძნობლად შეამცირა მათი საჰაერო სივრცეში ეფექტური მანევრირების შესაძლებლობა და კიდევ უფრო შეზღუდა ხელმისაწვდომი ვარიანტები... უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთ ტაქტიკაში ოსტატურად ისარგებლეს რუსული ძალების არასაკმარისი მანევრირებით, მათი წინსვლის შეფერხებით და მძიმე დანაკარგების მიყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ 10 დღეში რუსული ძალები შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ მძიმე მდგომარეობის გამო.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.