უკრაინაში დაჭრილი „ფოქს ნიუსის“ ოპერატორი გარდაიცვალა
15/03/2022 15:51:18 მსოფლიო
უკრაინაში 14 მარტს დაჭრილი „ფოქს ნიუსის“ ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა სიუზან სკოტმა განაცხადა.
ზაკრზევსკი უკრაინის დედაქალაქის სიახლოვეს იმყოფებოდა კორესპონდენტ ბენჟამინ ჰოლთან ერთად, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავად ჟურნალისტი ჰოლი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„პიერი იყო ომის რეპორტიორი, რომელიც ყველა საერთაშორისო ახალ ამბავს აშუქებდა ცხელი წერტილებიდან – ავღანეთიდან სირიამდე. იგი უკრაინაში თებერვლიდან მუშაობდა. ის მრავალმხრივ ნიჭიერი იყო და არ არსებობდა როლი, რომლის მორგებაც მას არ შეეძლო – ფოტოგრაფიდან პროდიუსერამდე“, – განაცხადა „ფოქს ნიუსის“ ხელმძღვანელმა.


