რუსეთი ევროპის საბჭოს ტოვებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოში მონაწილეობას წყვეტს
15/03/2022 15:59:49 მსოფლიო
რუსეთმა ევროპის საბჭოს აცნობა, რომ ორგანიზაციას ტოვებს.
ამის შესახებ 15 მარტს ეროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა პეტრე ტოლსტოიმ განაცხადა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ვეღარ მიმართავენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, მოსკოვი კი აღარ იქნება დაკავშირებული ვალდებულებასთან სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.
რუსეთი ევროპის საბჭოს 1996 წელს შეუერთდა.
მიმდინარე წლის თებერვალში ორგანიზაციამ ქვეყანას წევრობა შეუჩერა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებდა.


