"შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს „ცრუ დროშის“ ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს"
15/03/2022 15:12:42 მსოფლიო
"შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს", - ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო–მ კოლექტიური თავდაცვის სისტემა გაააქტიურა და ახლა ევროპის კონტინენტზე ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია:
„თვეების განმავლობაში ჩვენ გამოვააშკარავეთ რუსეთის ტყუილების გრძელი სია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავდნენ. მაგრამ მათ ეს გააკეთეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამხედრო ძალები გაჰყავდათ, თუმცა მეტი გაგზავნეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეებს იცავენ. ამის ნაცვლად კი, ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ახლა ისინი აბსურდულ ბრალდებას აჟღერებენ ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და ქიმიური იარაღის შესახებ უკრაინაში. ეს კიდევ ერთი სიცრუეა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს. უკრაინელი ხალხი იბრძვის და იცავს თავიანთ სახლებსა და მომავალს. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. მრავალი წლის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს. ბევრი მათგანი ახლა ფრონტის ხაზზე იბრძვის. ალიანსის წევრებმა უკრაინას მიაწოდეს მნიშვნელოვანი ოდენობით კრიტიკული აღჭურვილობა, მათ შორის – ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღები, დრონები, საბრძოლო მასალა და საწვავი. ეს წვრთნა და აღჭურვილობა ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში. ნატო-ს მთავარი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ ამ კრიზისს სწრაფად ვუპასუხეთ, გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები, ავამაღლეთ მზადყოფნა და პირველად განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალები კოლექტიური თავდაცვისთვის. ამჟამად ალიანსის მასშტაბით ასობით ათასი სამხედროს მზადყოფნაა, 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში და დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილებში".
ამასთან, ნატო–ში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხვალინდელ მინისტერიალში, მათ შორის საქრთველოს თავდაცვის მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.
"ხვალინდელ შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და ჩვენი სხვა პარტნიორები – საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი შემოგვიერთდებიან", – აღნიშნა სტოლტენბერგმა.


