ბრიტანეთმა რუსეთის 370 ფიზიკური პირის მიმართ სანქციები შემოიღო
15/03/2022 13:30:43 მსოფლიო
ბრიტანეთი რუსეთის 370 ფიზიკურ პირს, მათ შორის 50-ზე მეტ ოლიგარქს და მათ ოჯახებს, რომელთა საერთო ქონება 100 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, სანქციებს უწესებს. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან როგორც პოლიტიკოსები და ჩინოსნები, ისე შოუმენები, ტელეწამყვანები, პრეს-მდივნები და ბიზნესმენები, მათ შორის - როსგვარდიის ხელმძღვანელი ზოლოტოვი და სხვა ძალოვანი მაღალჩინოსნები, მოსკოვის მერი სობიანინი, კრემლის პრეს-მდივნის ოჯახის წევრები - მეუღლე ნავკა, შვილები ელიზავეტა და ნიკოლაი, ტელეწამყვანი ერნსტი, ბიზნესმენები მორდაშოვი, პუნპიანსკი, პოლუბოიარინოვი, გურიევი, მაზეპინი, ასევე ჩინოსნები პესკოვი, კოლოკოლცევი, საველიევი, ნურჩაკი, როლდუგინი, პროპაგანდისტები სკაბეევა, კეოსაიანი, ბაბაიანი, სეპარატიზმის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პრილეპინი, ასევე კრასნოვსკი და მამონტოვი, და ბოლოს - რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი შოიგუ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე - ექს-პრემიერი მედვედევი, საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, პროპაგანდისტები სიმონიანი და სოლოვიოვი, ბიზნესმენები მიხეილ ფრიდმანი და პეტრე ავენი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა 1000-ზე მეტ რუსულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს დაუწესა სანქციები.


