
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების გადასვენება ბელარუსის ქალაქებში ხორციელდება
15/03/2022 11:41:56 ევროპა
ომის პირველი დღიდან ბელარუსის ქალაქებში გომელში, მოზირსა და ნაროვლში მდებარე საავადმყოფოები დაჭრილი, ხოლო მორგები - დახოცილი რუსი სამხედროების გვამებს იღებენ.
როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურისთვის გახდა ცნობილი, ბელარუსმა ექიმებმა ხელი მოაწერეს გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ზოგიერთ ექიმს სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაემუქრნენ.
3 მარტს წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მოზირსა და გომელში საავადმყოფოების მორგები გადავსებული იყო უკრაინაში დახოცილი რუსი სამხედროების გვამებით. მოზირში გასულ კვირაში ცხედრები სასწრაფოდ დატვირთეს რუსეთისკენ მიმავალ მატარებლებში.
"არარეალურად ბევრი გვამი იყო! ადამიანები, რომლებიც მოზირის სადგურზე იმყოფებოდნენ, უბრალოდ შოკში იყვნენ მატარებელში დატვირთული გვამების რაოდენობით. ხალხმა ვიდეოების გადაღება დაიწყო, მაგრამ სამხედროები მათ მიცვივდნენ და უბრძანეს, შეეწყვიტათ გადაღება. ხოლო მოზირთან ახლომდებარე სოფელ კამენკაში სასაფლაოს ალყა შემოარტყეს და შიგნით არავის უშვებდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ იქ რუსი სამხედროების დამარხვა დაიწყეს. მით უფრო, რომ კამენკა-ბოკოვას მახლობლად არის აეროდრომი და რუსების დიდი ბანაკი", - უამბო ბელარუსულ სამსახურს მოზირის მკვიდრმა.
რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მოზირის საავადმყოფო კვლავ სავსეა დაჭრილებით და აბსოლუტურად ყველა ექიმი, თუნდაც ვიწრო სპეციალობის, დაჭრილ რუსებზე მუშაობს. იმავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას საავადმყოფოში რენტგენის გაკეთება არ შეუძლია და ისინი იძულებული არიან, ასეთი მომსახურებისთვის ბავშვთა საავადმყოფოს მიაშურონ.