
„ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ წყვეტენ, არიან თუ არა მზად, უკრაინის მსგავსად აიღონ პასუხისმგებლობა“
15/03/2022 08:50:36 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ პუტინის რუსეთმა არ იცის ბრძოლა, ან იცის მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.
„ქვეყნის გმირობის მე-20 დღე, ომის მე-20 დღე – ეს ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, ჩვენ ბრძოლა ვიცით და ეს უკვე ყველას ესმის. ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ გაკვირვებით უყურებენ ამ ყველაფერს და ჯერ კიდევ წყვეტენ, მზად არიან თუ არა, აიღონ ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც უკრაინამ აიღო. რუსულმა არმიამ ბრძოლა არ იცის, იცის მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს და იღებს შედეგებს:
"მტერს ყველა მიმართულებით ვუჭერთ. ის ჭკუას კარგავს და შეეცდება ჩვენს გატეხვას. მაგრამ ეს შეუძლებელია. თქვენ ეს ვიცით, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა, ვიბრძვით თავისუფლებისთვის და აუცილებლად გავიმარჯვებთ“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს უნდა გაგრძელდეს. პარალელურად, რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, რასაც თან ახლავს მსხვერპლი.