ჰოჯესი: "რუსებს დაახლოებით, 10 დღე აშორებთ საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ამოწურვამდე"
15/03/2022 08:09:11 მსოფლიო
ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, რუსებს დაახლოებით ათი დღე აშორებთ საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ამოწურვის "კულმინაციურ წერტილამდე".
მისი თქმით, რუსულ ძალებს რესურსების ამოწურვამდე დაახლოებით, ათი დღე დარჩათ. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არა მხოლოდ გააგრძელებს, არამედ გაზრდის კიდეც.
"ვფიქრობ, რუსებს დაახლოებით, ათი დღე აშორებთ იმას, რასაც კულმინაციურ წერტილს უწოდებენ, როდესაც მათ უბრალოდ აღარ აქვთ საბრძოლო მასალა და არც ცოცხალი ძალა თავდასხმის გასაგრძელებლად",- განუცხადა ჰოჯესმა "foxnews"–ს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა.


