დღეს ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ–მინისტრები კიევში ჩაფრინდებიან
15/03/2022 08:03:25 მსოფლიო
დღეს ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ–მინისტრი პეტრ ფიალა სოციალურ ქსელში წერს. ვიზიტის მიზანია დაადასტუროს ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
"დღეს ჩვენ პოლონეთის პრემიერმინისტრტ მატეუშ მორავეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავდივართ კიევში, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს", - წერს ფიალა.
მისი თქმით, ვიზიტი შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიანთან კონსულტაციით მომზადდა:
"ამ ვიზიტის მიზანია, ასევე, უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენა".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა.


