დღეს კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას მსვერპლი მოჰყვა
15/03/2022 07:23:01 მსოფლიო
დღეს გამთენიისას კიევში ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს პოდოლსკის რაიონში, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანია. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი სვეტლანა ვოდოლაგა ავრცელებს.
ვოდოლაგას განცხადებით, 35 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა.


