
უკრაინის ელჩი: "დასავლეთი პუტინის პოლიტიკას ეფექტიანად ვერ ეწინააღმდეგება"
10/09/2019 09:10:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის შეფასებით, დასავლეთი კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ეფექტიანად ვერ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც უკრაინელი დიპლომატი ამბობს, დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინის საკითხი გლობალურ ჭრილში უნდა განიხილონ და რუსეთს ადეკვატური პასუხი გასცენ.
„ვაანალიზებთ რუსეთის ქცევას პუტინის პოლიტიკას. თუმცა, წინააღმდეგობას ეფექტიანად ვერ ვუწევთ. რატომ? პრობლემა სწორედ ამაშია. ორი საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი – პუტინი, სისუსტე, ნატო და ევროკავშირი; მეორე – პუტინს აქვს დე ფაქტო ვეტო. პუტინმა წითელი ხაზები სულ მცირე, ორჯერ გადაკვეთა – საქართველოსა და უკრაინაში. რა იყო დასავლეთის რეაქცია? ნუთუ პუტინს აქვს ვეტო და მას აქვს უფლება საზღვრები გადაკვეთოს და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს? მინდა, შეგახსენოთ რეაქცია, რომელიც აშშ-ს ჰქონდა მაშინ, როდესაც წითელი ხაზები სადამ ჰუსეინმა გადაკვეთა. როგორც მოიქცა აშშ? რამდენად მტკიცე იყო პასუხი და რამდენად ფართოდ იყო წარმოდგენილი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი საუდის არაბეთში? ეს მარტივი, მაგრამ პრინციპული საგნებია“, – განაცხადა ელჩმა.
იგორ დოლგოვის შეფასებით, პრობლემის არსი აღქმაში მდგომარეობს.
„ვიდრე საქართველოსა და უკრაინაში არსებულ პრობლემას, ბრიუსელსა და ვაშინგტონში არ აღიქვამენ, არა როგორც ლოკალურ, არამედ როგორც გლობალურ პრობლემას, ჩვენ ვერ მოვძებნით გამოსავალს. ნატო-სა და ევროკავშირს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ჩვენს მსგავსად რომ ებრძოლათ, ისე როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ქართველები და უკრაინელები ვიბრძვით, წარმატებას ძალიან სწრაფად მივაღწევდით“, – განაცხადა ელჩმა.