კიევი: რუსული უპილოტოები ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეებს არღვევენ
14/03/2022 23:28:33 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეების დარღვევის შესახებ იუწყება.
"ჩვენი სარადიოლოკაციო საშუალებების მიერ დაფიქსირდა სავარაუდოდ "ფორპოსტის" ტიპის რუსული უპილოტო საავიაციო კომპლექსის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის პოლონეთის მიმართულებით კვეთის ფაქტი. უპილოტომ გარკვეული დრო ჯერ იავორივის პოლიგონის თავზე დაჰყო - როგორც ჩანს, ამასწინანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგებს სწავლობდა, შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრინდა, კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა და აქ ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა. მის ნამსხვრევებს ამ დროისთვის ეძებენ", - იუწყება უკრაინული საჰაერო ძალების სარდლობა თავის Facebook-გვერდზე.
გარდა ამისა, მისივე ცნობით, არსებობს ინფორმაცია მეზობელ რუმინეთში რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული "Орлан-10"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ვარდნის თაობაზე.


