ესტონეთის პარლამენტი უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვს
14/03/2022 17:08:31 მსოფლიო
ესტონეთის პარლამენტი გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს უკრაინაში ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
"ესტონეთის პარლამენტი გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის მოსახლეობისა და სამხედროების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძვიან, იმ რუსეთის, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ომი დაიწყო. ესტონეთი მოუწოდებს ყველას გამოავლინონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ომში, რომლის ფარგლებშიც ისინი იცავენ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ესტონეთის პარლამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული ომი და სამხედრო მოქმედებები არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ და ყველა ასეთ დანაშაულზე, რომელიც მათ ჩაიდინოს, პასუხი უნდა აგონ.
რიიგიკოგუ მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს გადადგან სასწრაფო ქმედითი ნაბიჯები, რათა უკრაინის ცა ჩაიკეტოს და მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივი გარდაცვალება არ მოხდეს. ესტონეთის პარლამენტი, ასევე სხვა ქვეყნებს მიმართავს რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოონ. აგრეთვე დაადონ რუსულ და ბელარუსულ პროდუქციას ემბარგო.
რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარი დაუჭირონ და ნატო-ში გაწევრიანებაზე MAP-ი გადასცენ", - ნათქვამია განცხადებაში.
მე–19 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.
უკრაინა დაჟინებით ითხოვს ცის ჩაკეტვას.


