„დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას უკრაინაში“: კირილმა "როსგვარდიას" ხატი უსახსოვრა
14/03/2022 16:35:03 მსოფლიო
„დაე, შთააგონოს ახალგაზრდა მეომრები, რომლებიც ფიცს დებენ და სამშობლოს დაცვის გზას ადგამენ“,– თქვა რუსეთის პატრიარქმა.
თავის მხრივ როსგვარდიის ხელმძღვანელმა ზოლოტოვმა კირილს ხატისთვის მადლობა გადაუხადა და საუბარი დაიწყო ომის მიმდინარეობაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
„მინდა გაცნობოთ თქვენ და აქ დამსწრე მრევლს, რომ ეროვნული გვარდიის ჯარები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ასრულებენ სამხედრო კონტროპერაციის დროს დაკისრებულ ყველა ამოცანას. ყველაფერი ისე სწრაფად არ მიდის, როგორც ვისურვებდით... მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მიზნისკენ. გამარჯვება ჩვენი იქნება და ეს ხატი დაიცავს რუსეთის ჯარს და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას“, - განაცხადა ზოლოტოვმა.
6 მარტს რუსეთის პატრიარქმა კირილმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების კომენტირებისას არ უთქვამს, რომ მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, თუმცა გამართლებას შეეცადა. მას მიაჩნია, რომ არსებული ვითარება განპირობებულია იმით, რომ რვა წელია გარკვეული ძალები ცდილობენ გაანადგურონ ის, რაც დონბასში არსებობს.მისი თქმით, არსებობს მიუღებლობა იმ „ღირებულებების, რომელთაც მსოფლიოს ლიდერობის პრედენდენტები გვთავაზობენ“.
მიტროპოლიტმა ონუფრიმ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წინამძღვარმა, რომელიც ნაწილობრივ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, დაგმო კირილის პოზიციონირება, ხოლო ეპარქიაში ღვთისმსახურების დროს კირილის ხსენება შეწყდა.


