რუსეთი უკრაინაში ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის კიევზე "სრული კონტროლის დამყარებას" გეგმავს
14/03/2022 12:58:07 მსოფლიო
რუსეთი უკრაინაში "ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის კიევზე სრული კონტროლის დამყარებას" გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აცნობა.
მისივე მტკიცებით, "თავდაპირველად პრეზიდენტ პუტინს გაცემული ჰქონდა ბრძანება, მსხვილი დასახლებული პუნქტების შტურმისგან თავი შეეკავებინათ მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად".
"ახლა თავდაცვის სამინისტრო ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის კიევზე სრული კონტროლის დამყარებას არ გამორიხავს. დღეს ისინი ისედაც უკვე პრაქტიკულად ალყაშია, იმ ზონების გამოკლებით, რომლებიც ევაკუაციისთვის გამოიყენება" - დასძინა პესკოვმა.
ცნობისთვის: რუსი ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს იმთავითვე ბომბავდნენ.გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 596 და დაჭრილია 1067 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობამ 80-ს მიაღწია.
ამასთანავე, სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პუტინს უკრაინაში "სწრაფი გასეირნება" ჰქონდა გეგმაში და გეგმა ჩაუვარდა: დღეს ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან უკვე მე-19 დღეა. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციები რუსეთის უდიდესი დანაკარგების შესახებ. რუსეთში ოფიციალურად გამოცხადა "მოხალისეთა მობილიზება" აზიიდან, სირიიდან, ცენტრალური აფრიკიდან. მოდის ცნობები ყარაბაღიდან "სამშვიდობოების" უკრაინისკენ გადასროლის შესახებ. ამ მხრივ გარკვეული მოძრაობები შეინიშნება აფხაზეთშიც.


